English / ქართული / русский /
დავით ჭელიძე
საქართველოს მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური (მათ შორის საბიუჯეტო) პარამეტრების დინამიკა, არსებული პრობლემები და მათი დაძლევის ზოგიერთი მიმართულება

ანოტაცია: სახელმწიფო (საშინაო და საგარეო) ვალის ზრდასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზების მიზნით ნაშრომში მოძიებული და გაანალიზებულია სახელმწიფო ვალის შესახებ მონაცემები, მ.შ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებში ფიქსირებული „საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის“ და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით გაანგარიშებული „საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის“ ზრდისა და ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის დინამიკა. აღნიშნული მიმართულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზზე დაყრდნობით შემუშავებულია რეკომენდაციები საგარეო ვალისა და მისი მომსახურების ყოველწლიური საფასურის ექსპორტთან თანაფარდობის ზღვრული მაჩვენებლის შემოღების შესახებ.

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო ვალი; ბიუჯეტის ხარჯები; ექსპორტი

შესავალი

საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წლის 9 აპრილი) შემდგომი პერიოდის სირთულეები განსაკუთრებული სიმწვავით ქვეყნის ეკონომიკაში გამოვლინდა. მრავალრიცხოვან ექსპერტთა შეფასებებით აღნიშნული სრულიად ლოგიკურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რადგან იმ ისტორიულ ეპოქაში საქართველოს საბჭოთა იმპერიის ე.წ. ერთიანი სახალხო-სამეურნეო კომპლექსის დატოვების პარალელურად, წარმოების სოციალისტური წესისთვის დამახასიათებელი ცენტრალიზებული საგეგმო ეკონომიკიდან, კერძო საკუთრებასა და სამეწარმეო ინიციატივაზე დაფუძნებულ თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა უხდებოდა.

არსებული პრობლემების სიმძიმეს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ორგანიზებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ, სამოქალაქო ომმა და ქვეყნის ისტორიულ ტერიტორიებზე ინსპირირებულმა საომარმა მოქმედებებმა.

ზემოაღნიშნული მიზეზების პარალელურად საქართველოს ეკონომიკისათვის მიყენე-ბული უმძიმესი ზიანის გამომწვევებს შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს დამოუ-კიდებლობის აღდგენიდან დღემდე არსებული სახელისუფლებო წრეების არაკომპეტენტურობა, ეკონომიკური პროცესებისადმი დანაშაულებრივად გულგრილი დამოკიდებულება და, რაც მეტად მტკივნეულია, კორუფციული ინტე¬რესებით მოტივირებული გადაწყვეტილებების სიმრავლე.

აღნიშნული მოსაზრების მართებულობას ცხადყოფს ეკონომიკის ცივილიზებული ფორმებით მართვა-ფუნქციონირებისათვის აუცილებელი თუნდაც საკანონმდებლო ბაზის მიღება-ამოქმედების გაუმართლებლად გაჭიანურებული პროცესი. კერძოდ, ქვეყნის საფინანსო სისტემის ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი:

-„საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დამოუკიდებლობის აღდეგენის დღიდან თითქმის ორი წლის შემდგომ (1993 წლის 30 მარტს) მიღება;

- ფიზიკურ პირთა საშემოსავლო, საწარმოთა მოგების, დამატებული ღირებულებისა და აქციზური გადასახადის შესახებ კანონების კიდევ უფრო დიდი დაგვიანებით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი წლისა და შვიდი თვის შემდგომ (1993 წლის 21 და 24 დეკემბერს) მიღება;

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკამათო წინაპირობის, ქვეყანაში სამართლებრივი, კონკურენტული და დაცული სამეწარმეო გარემოს არსებობისათვის აუცილებელი:

-„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამი წელის შემდგომ (1994 წლის 28 ოქტომბერს), ხოლო „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“, აგრეთვე „საბაჟო გადასახადის შესახებ“ კანონების დამოუკიდებლობის აღდგენიდან ხუთ წელზე მეტი დაგვიანებით (კერძოდ, 1996 წლის 25 ივნისსა და 27 დეკემბერს) მიღება.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მართვა-რეგულირების ზემოაღნიშნულ ნაკლოვანებებს, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად ამძიმებს ქვეყნის ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისათვის მეტად არასასურველი სახელმწიფო ვალის პერმანენტული ზრდის გამოკვეთილი პროცესი და აღნიშნულისადმი „ტრადიციად ქცეული“ ზერელე დამოკიდებულება.

საქმე ისაა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი ქვეყნის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თითქმის შვიდი წლის დაგვიანებით (1998 წლის 5 მარტს) იქნა მიღებული. აღნიშნული ფაქტის თვისთავად უარყოფითი შეფასების მიუხედავად, სიტუაციის სიმძიმეს, ჩვენი აზრით, იმ გარემოების არსებობა განაპირობებს, რომ კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტს უკვე მიღებული ჰქონდა 1996, 1997 და 1998 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ის კანონები, რომლთა ტექსტში ფიქსირებული სახელმწიფო ვალის ზღვრული ოდენობა (1998 წლისათვის) იმ პირობებში უტოლებოდა 177,0 მლნ. ლარს, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5%-ს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობდა სახელმწიფო ვალის განსაზღვრისა და გაანგარიშება-კალკულაციის მარეგულირებელი სპეციალური საკანონმდებლო აქტი.

საჯარო ფინანსების მართვა-რეგულირების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების უხეში დარღვევის ზემოაღნიშნული პრაქტიკის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის, კერძოდ, ეროვნულ ვალუტაში შედგენილი საქართველოს პირველი წლიური ბიუჯეტის კანონის ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის ექვსი წელის შემდგომ (კერძოდ, 1996 წლის 9 თებერვალს) მიღება.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 9 თებერვალს მიღებული კანონი სრულად ვერ ფარავს კალენდარულ წელს, ეკონომისტთა გარკვეული ნაწილის მოსაზრების თანახმად გაუმართლებელია მისი სახელმწიფო ბიუჯეტის სრულფასოვან წლიურ კანონად მიჩნევა. აღნიშნული მოსაზრების ლოგიკურობის მიუხედავად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ „საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონი წარმოადგენს ეროვნული ვალუტის ამოქმედების (1995 წლის 2 ოქტომბერი) შემდგომ მიღებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ წლიურ კანონს, ჩვენი აზრით, გარკვეული დათქმების გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია ამ დოკუმენტის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალი საბიუჯეტო ერის დაწყების დატვირთვის მატარებელ აქტად მიჩნევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დანართი #1-ით წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის 1996-2023 წლების მონაცემები და მათი დინამიკა დამოუკიდებელი საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო ისტორიის ამსახველ უმნიშვნელოვანეს პარამეტრებად, ხოლო მათი ანალიზი მეტად აქტუალურ საკითხად უნდა იქნეს მიჩნეული.

 ძირითადი ტექსტი

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში განვითარებულ და დანართი #1-ით წარმოდგენილ ეკონომიკურ ტენდენციებზე მსჯელობის დაწყებამდე შეუძლებელია ყურადღების გარეშე დარჩეს ის ფაქტი, რომლის არსებობაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ეროვნულ ვალუტაში შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი წლიური კანონის მიღებიდან (1996 წელი) დღემდე, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკისა და მის ყოველწლიურ ოდენობასთან უმნიშვნელოვანესი საბიუჯეტო პარამეტრების თანაფარდობის დადგენას.

საქმე ისაა, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2019 წელს ამოქმედებულმა ეროვნულ ანგარიშთა 2008 წლის სისტემის (SNA 2008) მეთოდოლოგიამ და მასზე დაყრდნობით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის მხოლოდ 2010 წლის ჩათვლით გადაანგარიშებამ[1] შეუძლებელი გახადა ძველი, ეროვნულ ანგარიშთა 1993 წლის სისტემის (SNA 1993) მეთოდოლოგიით გაანგარიშებული 1996-2009 წლების მონაცემების, ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ 2010-წლისა და შემდგომი პერიოდის მონაცემებთან შედარება.

შედეგად შექმნილმა სიტუაციამ, როგორც აღვნიშნეთ, შეუძლებელი გახადა 1996 წლიდან დღემდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სრულფასოვანი დინამიკისა და მის ყოველწლიურ ოდნობასთან უმნიშვნელოვანესი საბიუჯეტო პარამეტრების თანაფარდობის დადგენა, რაც სრულიად მიუღებელ რეალობას წარმოადგენს და აქედან გამომდინარე მისი დაძლევა საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამსახურის გადაუდებელ ამოცანად უნდა იქნეს მიჩნეული.

შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, დანართი #1-ით წარმოდგენილი მონაცემები, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის ქვეყანაში განვითარებულ და მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ტენდენციებზე.

როგორც დანართი #1-დან ვრწმუნდებით, მიმდინარე ფასებში ფიქსირებული და ეროვნულ ანგარიშთა 1993 წლის სისტემის (SNA 1993) მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წლისათვის, 1996 წელთან შედარებით, 37 231,5 მლნ. ლარით (3 868,5 მლნ. ლარიდან 41 100,0 მლნ. ლარამდე), ანუ 962,4 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი.

შედარებით დაბალი, თუმცა ასევე ზრდის ტენდენციით ხასიათდება ანგარიშთა 2008 წლის სისტემის (SNA 2008) მეთოდოლოგიით გაანგარიშებული, 2010-2023 წლების ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პარამეტრები, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ზრდის მაჩვენებელი 57 817,4 მლნ. ლარის (21 800,0 მლნ. ლარიდან, 79 617,4 მლნ. ლარამდე) ანუ 265,2 პროცენტული ერთეულის დონეზე ფიქსირდება.

ზრდის ასევე გამოკვეთილი ტენდენციით ხასიათდება:

-საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა. კერძოდ, 2023 წლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმილი მაჩვენებელი, 1996 წლის მონაცემებთან შედარებით, 17 064,8 მლნ. ლარით, (555,1 მლნ. ლარიდან, 17 619,9 ლარამდე), ანუ 3 074,2 პროცენტული ერთეულით ზრდას ითვალისწინებს.

ინფლაციური პროცესებისა და რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით აღნიშნული ტენდენციის განსაკუთრებული ხაზგასმა, ერთი შეხედვით ნაკლებად არგუმენტირებულ მიდგომად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ 1996-2023 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის ზემოაღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ამავე პერიოდის საბიუჯეტო ხარჯების ბევრად დაბალი, მხოლოდ 15 550,6 მლნ. ლარით (784,6 მლნ. ლარიდან 16 335,2 მლნ. ლარამდე), ანუ 1 982,0 პროცენტული ერთეულით ზრდის მაჩვენებელს და ცალსახად ანტიინფლაციური ხასიათის მატარებელია, შექმნილი სიტუაცია უდავოდ იმსახურებს დადებით შეფასებას.

როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზირისით ასევე პოზიტიურ შეფასებას მოითხოვს 2023 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების, 1997 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედებით 15 534,1 მლნ. ლარით (419,4 მლნ. ლარიდან, 15 953,5 მლნ. ლარამდე), ანუ 3 703,9 პროცენტული ერთეულით ზრდისა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამავე პერიოდის მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ზრდის საბიუჯეტო მაჩვენებლებზე (შესაბამისად 3 703,9% და 1 982,0%) მნიშვნელოვნად მაღალი ტემპით არსებობა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციების პარალელურად განვლილი პერიოდი რიგი იმ არასასურველი ტენდენციებით ხასიათდება, რომელთა შორის განსა­კუთრებულ აღნიშვნას საქართველოს სახელმწიფო ვალისა და მისი მომსახურებისათვის განკუთვნილი საბიუ­ჯეტო ასიგნებების პერმანენტული ზრდა წარმოადგენს.

როგორც დანართი #1-ში ფიქსირებული მონაცემებიდან ირკვევა,  1996-2023 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონების მიღების დღისათვის ამ კანონებში ფიქსირებული სახელმწიფო ვალის ზღვრული მაჩვენებლები 31 448,9 მლნ. ლარით (116,6 მლნ. ლარიდან – 31 565,5 მლნ. ლარამდე), ანუ 26 971,6% პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი.

სიტუაციას მნიშვნელოვნად ართულებს 1997-2023 წლებში საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის ზღვრული ოდენობის 8 321,2 მლნ. ლარით (97,6 მლნ ლარიდან 8 418,8 მლნ. ლარამდე), 8 525,9 პროცენტული ერთეულით ზრდის ფონზე, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის, ქვეყნის ეკონომიკისათვის მეტად მაღალი რისკების შემცველ დონესთან მიახლოების, კერძოდ, 23 044,3 მლნ. ლარით (102,4 მლნ ლარიდან 23 146,7 მლნ. ლარამდე), ანუ 22 504,2 პროცენტული ერთეულით ზრდის ფაქტის არსებობა.

სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით მისი საგარეო ნაწილის ზრდის ზემოაღნიშნულ ტენდენციას მნიშვნელოვნად ამიძიმებს 2008-2023 წლებში[2] საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულების ცვლილების, ანუ ყოველწლიურად აღებული ვალის, ადრე აღებულის ყოველწლიური მომსახურების (ძირითადი თანხის ან/და პროცენტის გადახდა) მაჩვენებელზე პერმანენტული გადამეტებისა და ზრდის არასასურველი რეალობა. საქმე ისაა, რომ 2023 წლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულების ცვლილების მაჩვენებელი, 2008 წლის ანალოგიურ პარამეტრთან შედარებით 2 382,6 მლნ. ლარით (43,2 მლნ. ლარიდან, 2 425,8 მლნ.ლარამდე), ანუ 5 515,3 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი.

 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულების ყოველწიური ზრდის ზემოაღ­ნიშნული ტენდენციის ფონზე, ერთი შეხედვით დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ საქართ­ველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულების კლების, ანუ ადრე აღებული ვალე­ბის მომსახურებისათვის განკუთვნილი ასიგნებების, 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 929,7 მლნ. ლარით (288,8 მლნ. ლარიდან, 1 218,5 მლნ ლარამდე), ანუ 321,9 პროცენტული ერთეულით ზრდის ფაქტის არსებობა. თუმცა ქვეყანის ეკონომიკაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მსგავსი შეფასება გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს.

საქმე ისაა, რომ მეტად დაბალი საექსპორტო პოტენციალის და დეფიციტური საგადასახდელო ბალანსის პირობებში საქართველოს სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით მისი საგარეო ნაწილის მომსახურებისათვის განკუთვნილი ასიგნებების ზრდა, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას და აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების სათანადო დონეზე შენარჩუნების პრობლემას უკავშირდება. აღნიშნული, თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუარესების, ხოლო ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრზე იმპორტირებული პროდუქციის (მათ შორის პირველადი სასიცოცხლო მოთხოვნილების) მაღალი ხვედრითი წილის პირობებში, სამომხმარებლო ფასების ზრდის მასტიმულირებელ ფაქტორად ტრანსფორმირდება და არ გვაძლევს აღნიშნული მაჩვენებლის ზრდის ტენდენციის ცალსახად დადებითი შეფასების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულს განსაკუთრებულ დატვირთვას მატებს 2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ისტორიულ პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის მომსახურებისათვის განკუთვნილი თანხების მხოლოდ 12,9 მლნ. ლარით (30,0 მლნ. ლარიდან, 42,9 მლნ. ლარამდე), ანუ 43,0 პროცენტული ერთეულით ზრდის პირობებში, სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების ბევრად მაღალი ტემპით, კერძოდ, 1 061,2 მლნ. ლარით (114,4 მლნ. ლარიდან 1 175,6 მლნ. ლარამდე), ანუ 921,0 პროცენტული ერთეულით ზრდის ფაქტის არსებობა.

სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით მისი საგარეო ნაწილის ზრდასთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2018 წლის 14 დეკემბერს შეტანილი შესწორებები, რომელთა შესაბამისად  კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან“ შეცვლილი იქნა ფრაზით: „მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ახალი (შემოთავაზებებული) რედაქციით „მთავრობის ვალის“ ოდენობიდან ამოღებულია  საქართველოს ეროვნული ბანკის ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, საკმაოდ შეფარული ფორმით შეცვლილია საქართვე­ლოს სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის (1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულების ანალოგიურად დადგენილი) 60%-იანი ზღვრული მაჩვენებელი  [ხუციშვილი ა.,2019: 3-32]. 

საქართველოს სახელმწიფო ვალის, მათ შორის მისი საგარეო ნაწილის განსაზღვრისა და აქედან გამომდინარე გაანგარიშება-კალკულაციის წესის ზემოაღნიშნული ცვლილება, ჩვენი აზრით, სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს, რადგან ქვეყნის საგარეო ვალის ხელოვნურ შემცირებას უკავშირდება და სავსებით შესაძლებელია მეტად არასასურველი სამომავლო პრობლემების გამომწვევ მიზეზად მოგვევლინოს.

სახელმწიფო ვალის განსაკუთრებით მისი საგარეო ნაწილის სრულყოფილი აღრიცხვის აქტუალობას ასევე ზრდის უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, კერძოდ, საქართველოს 2019-2023 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონების მე-13 მუხლებში ფიქსირებული იმ იდენტური ფრაზების არსებობა, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული წლების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონების ტექსტით წარმოდგენილ საქართველოს სახელმწიფო ვალის ოდენობებში, დაუზუსტებლობის გამო არ შეიტანება, აღირიცხება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულებები როგორებიცაა: მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება; ყოფილი სსრ კავშირის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკისა და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ ბლოკირებულ, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სახსრებთან დაკავშირებული დავალიანება; თურქმენეთიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ანაზღაურების საქმეში არსებული დავალიანება; ყოფილი სსრ კავშირის 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციისა და საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის დაფარვის ვალდებულებები; კოოპერატიულ ბინათმშენბლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები და სხვა.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებებს, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის, ანუ სულ მცირე 32 წლის წინ არის წარმოქმნილი, ძნელი წარმოსადგენია როგორ უნდა მოხდეს მათი დაზუსტება ისევე,  როგორც გაუგებარია 2019 წლამდე როგორ ხდებოდა მათი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებში ასახვა და აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის რა საჭიროა ხუთი წელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი აზრით, სრულიად არგუმენტირებულად შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს სახელმწიფო (საგარეო და საშინაო) ვალის როგორც განმარტების, ისე აღრიცხვა-კალულაციის სადღეისო მდგომარეობა მნიშვნელოვან სრულყოფას საჭიროებს.

საქართველოს სახელმწიფო, მათ შორის საგარეო, ვალის განსაზღვრისა და გაანგარიშება-კალკულაციის მეთოდოლოგიური პრინციპების სრულყოფის აუცილებლობას განსაკუთრებულ დატვირთვას მატებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე („External  Debt  Statistics,  Guide  for  Compilers  and  Users”. International  Monetary Fund. Washington, 2003)   დაყრდნობით    გაანგარიშებული საქართველოს „მთლიანი საგარეო ვალის“ ცხრილი #1-ით წარმოდგენილი მონაცემები.

ცხრილი #1

მთლიანი საგარეო ვალისა და მთავრობის ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპს-სთან [3]

 

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

2021

მთლიანი საგარეო ვალი/მშპ

79,3%

102,4%

105,3%

106,6%

101,3%

106,7%

130,2%

116,7%

მთავრობის საგარეო ვალი/მშპ

24,1%

29,4%

30,9%

32,6%

30,6%

32,8%

46,9%

42,5%

 

კერძოდ, „...საქართველოს საგარეო ვალის ორი განსხვავებული მონაცემის: „მთავრობის საგარეო ვალისა“ და „მთლიანი საგარეო ვალის“ სახით აღრიცხვის დამკვიდრებული პრაქტიკა და მათი კალკულაციის განსხვავებული მეთოდოლოგიური თავისებურებები“ [ხუციშვილი ა., 2019: 29].

როგორც ცხრილ #1-ით წარმოდგენილი მონაცემებიდან ვრწმუნდებით, 2014-2021 წლების საქართველოს „მთლიანი საგარეო ვალის“ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის მაჩვენებლი, 79,3-130,2 პროცენტული ერთეულის დიაპაზონში მერყეობს და მნიშვნელოვნად აღემატებოდა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ზღვრულ პარამეტრს.

ამავე პერიოდის „მთავრობის საგარეო ვალის“ ასევე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის მაჩვენებელი 24,1%-42,5% პროცენტული ერთეულის ფარგლებში ფიქსირდება და „მთლიანი საგარეო ვალის“  მაჩვენებლებისაგან განსხვავებით, სრულად შეესაბამებოდა საქართველოს ორგანული კანონით განსაზღრულ ზღვრულ პარამეტრს.

შექმნილ სიტუაციაში სრულიად ლოგიკურად იბადება შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რომელი ზემოაღნიშნული მაჩვენებელი შეესაბამება მაასტრიხტის ხელშეკრულების მოთხოვნებს და რომელი უნდა გამოიყენებოდეს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის გაანგარიშებისას. 

დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადაუდებელ ამოცანად უნდა მივიჩნიოთ:

-საქართველოს სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით მისი საგარეო ნაწილის განსაზღვრისა და გაანგარიშება-კალკულაციის მეთოდოლოგიური საფუძვლების სრულყოფა. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მუშაობა საქართველოს სახელმწიფო ვალის, მათ შორის მისი შემადგენელი საშინაო და საგარეო ელემენტების განსაზღვრისა და გაანგარიშება-კალკულაციის როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებთან, ისე ქვეყნის ეკონომიკურ რეალობასთან მაქსიმალურად მისადაგებული მეთოდოლოგიური პრინციპების შემოღება-ამოქმედების საკითხზე;

- საქართველოს სახელმწიფო ვალის მდგრადობის უზრუნველყოფისა და  ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენისაგან დამცავი მექანიზმის ამოქმედებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო (საშინაო და საგარეო) ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობის ზღვრული მაჩვენებლის შენარჩუნების პარალელურად, შემოღებული და ამოქმედებული უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობისა და მისი მომსახურებისათვის განკუთვნილი ყოველწლიური საბიუჯეტო ასიგნებების ქვეყნის ექსპორტთან თანაფარდობის ზღვრული ინდიკატორული მაჩვენებლები;

- საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სრულფასოვანი დინამიკისა და ამავე პერიოდის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარამეტრებთან თანაფარდობის დადგენის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოს, ეროვნულ ანგარიშთა ძველი 1993 წლის სისტემის (SNA 1993) მეთოდოლოგიით გაანგარიშებული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, 2009 წლისა და წინა პერიოდის მონაცემების, ეროვნულ ანაგარიშთა 2008 წლის სისტემის (SNA 2008) მეთოდოლოგიით გადაანგარიშება. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ა. ხუციშვილი, ლ. ჭელიძე, დ. ჭელიძე, „საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკა და მართვის თავისებურებები“, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სამეცნიერო შრომების კრებული #1,  2019 წელი. გვ 29; 31-32.

2. „ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები“, საქართველოს ეროვნული ბანკი https://nbg.gov.ge/statistics/international-rating

3. „External  Debt  Statistics,  Guide  for  Compilers  and  Users”. International  Monetary Fund. Washington, 2003გვ.6 https://www.imf.org/external/pubs/ft/eds/eng/guide/file1.pdf

4. საქართველოს 1996-2023 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ საქართველოს კანონები.


[1] აღნიშნული გადაანგარიშების შედეგად სულ მცირე 3,7%-ით (2012 წელი) გაიზარდა 2010-2018 წლების ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური მაჩვენებლები (იხ. დანართი #1).

[2] იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებში ვალდებულებების (საშინაო და საგარეო) ცვლილების (როგორც ზრდის ისე კლების) შესახებ მონაცემები მხოლოდ 2008 წლიდან ფიქსირდება, დანართი #1-ით წარმოდგენილი ინფორმაცია უკანასკნელი 16 წლის  მონაცემებს ასახავს.

[3] ცხრილი და ცხრილში ფიქსირებული მონაცემები სრულად არის აღებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგების“  სახელწოდებით გამოქვეყნებული მასალიდან. https://nbg.gov.ge/statistics/international-rating